კოლეჯი „სპექტრის“ 2026-2032 წლების სტრატეგიული განვითარების გეგმის პრეზენტაცია

გუშინ, საქართველოში თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარე, ბატონი ოქტაი ოზთურქი დაესწრო პროფესიული საგანმანათლებლო კოლეჯი „სპექტრის“ 2026-2032 წლების სტრატეგიული განვითარების გეგმის პრეზენტაციას. შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 23 მარტს ასოციაციამ ხელი მოაწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს კოლეჯთან.
კოლეჯის დირექტორმა, ბატონმა მათე ტაკიძემ თავის სიტყვაში ისაუბრა „სპექტრის“ წარმატებული საქმიანობის შესახებ დღემდე და განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა პარტნიორებს – თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TİKA), გურთიადს და ჩვენს წევრებს – Borusan CAT Georgia, Beko Georgia და EFES Georgia-ს, რომელთაც კოლეჯი ხარისხიანი სწავლებისათვის აუცილებელი ტექნიკური მოწყობილობებით აღჭურვეს.
კოლეჯი სლოგანით „ისწავლე და დასაქმდი“ უკვე ბევრი წელია საქართველოს ბაზრისათვის კვალიფიციურ მუშახელს ამზადებს.
პრეზენტაციაზე, „სპექტრის“ სამომავლო გეგმების ფარგლებში მრავალპროფილიანი სასწავლებლიდან საინჟინრო სწავლების მოდელზე გადასვლის საჭიროებას გაესვა ხაზი.
დირექტორის მოადგილემ, ქალბატონმა თამარ ხატიაშვილმა გაგვიზიარა პროფესიული სასწავლებლის სტრატეგიული ხედვა და ინფორმაცია მოგვაწოდა მიზნებისა და შემდგომი ნაბიჯების შესახებ.
შეხვედრაზე აგრეთვე ისაუბრეს სამგორის რაიონის გამგებელმა, ბატონმა კახა სამხარაძემ, Borusan CAT Georgia-ს მომხმარებელთა მხარდაჭერის მენეჯერმა, ბატონმა ზურაბ ტალახაძემ და Beko Georgia-ს ადამიანური რესურსების მენეჯერმა, ქალბატონმა მაია ცნობილაძემ.
ღონისძიების ფარგლებში, დავათვალიერეთ TİKA-ს დაფინანსებით მოწყობილი კერამიკული ნაკეთობების ატელიე.
საქართველოში თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია აფასებს კვალიფიციური ტექნიკური პერსონალის მნიშვნელობას და ჩვენი დასაქმების პლატფორმის მეშვეობით, „სპექტრის“ კურსდამთავრებულებს ყოველთვის ხელს შევუწყობთ თურქულ საწარმოებში დასაქმების კუთხით.
კოლეჯი „სპექტრის“ დირექტორს, ბატონ მათე ტაკიძესა და მთელ გუნდს მადლობას ვუხდით თავდადებული შრომისათვის და ვუსურვებთ მრავალ წარმატებას.