11 ივლისს გურთიადის თავმჯდომარე და მმართველი საბჭოს წევრები „Nobel İlaç საქართველო“-ს დირექტორს, ბატონ ჰარუნ ბერბეროღლუს ეწვივნენ.
ფარმაცევტული კომპანია „Nobel İlaç“, 1964 წელს თურქეთში დაარსდა და დღესდღეობით თურქეთის ფარმაცევტულ ბაზარზე მე-13 ადგილს იკავებს, ხოლო ქვეყნის 500 უდიდესი ინდუსტრიული საწარმოს სიაში კი წელს 222-ე ადგილზე გავიდა.
„Nobel İlaç“ უკვე 18 წელიწადია წარმოდგენილია საქართველოში და ქვეყნის ფარმაცევტულ ბაზარზე მე-18 ადგილს იკავებს, ქვეყანაში არსებულ თურქულ ფარმაცევტულ კომპანიებს შორის კი მე-2 ადგილზეა.
ფარმაცევტულ კომპანიას აქვს ორი ქარხანა თურქეთში, ასევე ქარხნები ყაზახეთსა და უზბეკეთში. ახლო მომავალში „ნობელი“ ევროკავშირის წევრ ქვეყანა ბულგარეთშიც აპირებს ქარხნის გახსნას, რაც კომპანიისათვის დიდი უპირატესობა იქნება, რადგან ევროკავშირში წარმოებული პროდუქცია ადვილად გავა ექსპორტზე კავშირის წევრ სხვა ქვეყნებში.
განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ „ნობელი“ ფლობს GMP (კარგი საწარმოო პრაქტიკა), FDA (აშშ-ის სურსათისა და წამლების ადმინისტრაცია) და EMA (ევროპის მედიცინის სააგენტო) სერთიფიკატებს.
საქართველოში „Nobel İlaç“-ის ყველაზე მოთხოვნადი წამლები კუჭის წყლულის საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და შიზოფრენიის სამკურნალო მედიკამენტებია.
დღესდღეობით ფარმაცევტულ კომპანია „ნობელს“ საქართველოში 24 თანამშრომელი ჰყავს, 2025 წლისათვის კი ამ რიცხვის 30-მდე გაზრდა იგეგმება. თანამშრომელთა უმრავლესობა მედიკოსია და შესაბამის წრეებში წამლების შესახებ ცნობადობის ამაღლებით არის დაკავებული.
მომავალი 3-4 წლის პერიოდში „ნობელი“ გეგმავს 50%-ით გაზარდოს მედიკამენტების რაოდენობა, რაც ფარმაცევტულ ბაზარზე მისი პოზიციების კიდევ უფრო მეტად გამტკიცებას გამოიწვევს.
გურთიადის სახელით, მადლობას ვუხდით ბატონ ჰარუნ ბერბეროღლუს გულითადი შეხვედრისათვის და წარმატებებს ვუსურვებთ მასა და მის გუნდს!