დღეს, 15 მაისს ასოციაციას ტრაპიზონის სავაჭრო და სამრეწველო პალატის დელეგაცია ესტუმრა.
შეხვედრისას, რომელიც ფოკუსირებული იყო სამედიცინო ტურიზმზე, საქართველოში თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარემ შესავალ სიტყვაში ისაუბრა საქართველოსათვის ქალაქ ტრაპიზონისა და მთელი შავი ზღვის რეგიონის როლზე. მან განაცხადა, რომ მზადაა კიდევ უფრო მეტად განამტკიცოს გურთიადისა და ტრაპიზონის სავაჭრო და სამრეწველო პალატის თანამშრომლობა.
პალატის თავმჯდომარემ, ბატონმა ერქუთ ჩელებიმ კი ისაუბრა ტრაპიზონი-თბილისის პირდაპირი რეისის არარსებობისაგან გამოწვეულ სირთულეებზე და აღნიშნა, რომ პირდაპირ ფრენებს დიდი მნიშვნელობა აკისრია როგორც ქალაქებს შორის მიმოსვლის, ისე პაციენტების ტრანსფერის კუთხით. ბატონმა ჩელებიმ განაცხადა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით აგრძელებს მოლაპარაკებების წარმოებას.
ტრაპიზონის პროვინციის ჯანდაცვის მინისტრმა, ბატონმა ჰაქან უსტამ აღნიშნა, რომ ტრაპიზონის კლინიკები, რომლებიც პაციენტებს ჩექ აფიდან ესთეტიკური ქირურგიის ჩათვლით ყველა სახის სამედიცინო მომსახურებას სთავაზობს, თურქეთის სხვა დიდი ქალაქების კლინიკებს არ ჩამოუვარდება და იგივე ხარისხის მომსახურებას უზრუნველყოფს, საქართველოს მოქალაქეებისათვის კი ტრაპიზონის სიახლოვე უპირატესობას წარმოადგენს. ბატონმა ჰაქან უსტამ საკუთარი საქმიანობა ორმხრივი ურთიერთობების გაზრდით, კოორდინირებისა და გარანტიის უზრუნველყოფით დაახასიათა.
შეხვედრას ესწრებოდა შავი ზღვის ტექნიკური უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის ფარაბის კლინიკის მთავარი ექიმის მოადგილე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ილმაზ ბულბული, რომელმაც ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ საქართველოსა და თურქეთის ჯანდაცვის სისტემები განსხვავებულია და ამიტომ საჭიროა სამედიცინო პერსონალის დაკავშირება ერთმანეთთან.
შეხვედრის ბოლოს, ტრაპიზონის სავაჭრო და სამრეწველო პალატის თავმჯდომარის მოადგილემ, ბატონმა მეჰმეთ ჩელებიმ გურთიადის თავმჯდომარეს, ბატონ ოქტაი ოზთურქს მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.
გურთიადის სახელით მადლობას ვუხდით და წარმატებებს ვუსურვებთ ტრაპიზონის სავაჭრო და სამრეწველო პალატის დელეგაციასა და სამედიცინო ტურიზმის კომპანია Wellmed-ს, რომელიც ასევე ესწრებოდა დღევანდელ შეხვედრას.