19 ოქტომბერს წარმატებით ჩატარდა ასოციაციის საერთო ფინანსური კრება, რომელსაც ესწრებოდა თურქეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, ბატონი ალი ქაან ორბაი და თურქეთის რესპუბლიკის კონსული ქალაქ ბათუმში, პროფესორი ადნან ალთაი ალთინორსი.
ელჩმა ორბაიმ მის სიტყვაში მიმოიხილა თურქეთ-საქართველოს სავაჭრო ურთიერთობები და განაცხადა, რომ გასულ წელს ორ ქვეყანას შორის ვაჭრობამ 3 მილიარდი დოლარი შეადგინა და წელს ნავარაუდევია ეს რიცხვი 5 მილიარდამდე გაიზარდოს. მან აღნიშნა, რომ თურქეთი საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია და მნიშვნელოვანია, რომ ინოვაციური მიდგომებით გაიზარდოს ქვეყანაში ინვესტიციები.
ასოციაციის თავმჯდომარემ, ბატონმა ოქტაი ოზთურქმა მიმოიხილა წლის მანძილზე განხორციელებული აქტივობები, მიმართა წევრებს სიტყვით და გააცნო გურთიადის ხედვა და სამომავლო გეგმები.
გარდა ამისა, კრებაზე ჩატარდა ასოციაციის მმართველი საბჭოს წევრის, ქალბატონი მარიანა სისვაძის მიერ შედგენილი წიგნაკის – „შრომის სამართლის აქტუალური საკითხები“ პრეზენტაცია. წიგნაკი წევრებს დაურიგდათ. წიგნაკი ეხმიანება საქართველოს შრომის ბაზარზე არსებულ გამოწვევებს და წარმოადგენს გზამკვლევს დამსაქმებლებისა და დასაქმებულთათვის.
ასოციაციის საერთო ფინანსური კრება დასრულდა საქმიანობის ანგარიშისა და მმართველი და საზედამხედველო საბჭოების ანგარიშების ჩაბარებით; შემოსავალ-გასავლის ცხრილის წარდგენითა და განხილვით.
კრების ბოლოს სასაჩუქრე კრისტალები და სერტიფიკატები გადავეცით ჩვენს წევრებს, რომელთაც ასოციაციიაში ყოფნის 20 და 10 წელზე მეტი შეუსრულდათ. სერტიფიკატები გადაეცათ ახალ წევრებსაც.
ასოციაციის სახელით მადლობას ვუხდით კრებაზე დამსწრე საზოგადოებას.