თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2025

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოწვევით, ,,საქართველოში თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია-გურთიადი”-ს მმართველი საბჭოს თავმჯდომარე, ოქტაი ოზთურქი, 2025 წლის 22-23 ოქტომბერს, თბილისში გამართულ აბრეშუმის გზის ფორუმს დაესწრო და ოფიციალურ შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა.

ფორუმს, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გახსნა, ესწრებოდა 60-ზე მეტი ქვეყნიდან 2 000-ზე მეტი პოლიტიკური ლიდერი და ბიზნესმენი, მათ შორის, თურქეთის რესპუბლიკის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრი, ოსმან აშქინ ბაქი; თურქეთის ვაჭრობის მინისტრის მოადგილე სეზაი უჩარმაქი; თურქეთის ტრანსპორტის მინისტრის მოადგილე, ოსმან ბოირაზი და საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ალი ქაან ორბაი.

ფორუმში, აგრეთვე, მონაწილეობა მიიღეს გურთიადის წევრი ,,ზირაათ ბანკი საქართველო”-ს გენერალურმა დირექტორმა, თურგუთ გულჯიჰანმა; ბიზნეს ასოციაციის ,,მუსიად თბილისი” მმართველი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, სერქან დერიშმა, საბჭოს წევრმა, ჰალილ სემიზმა და ბიზნეს საბჭო ,,DEİK”-ის წარმომადგენელმა საქართველოში, ოსმან ჩალიშქანმა.

განსაკუთრებით, აღსანიშნავია, ქართული მხარის მოწვევით, თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანისა და მისი აზერბაიჯანელი კოლეგის, ალი ასადოვის მონაწილეობა, რაც სტრატეგიულ მნიშვნელობას ატარებს, საკვანძო გეოპოლიტიკური როლის მქონე ჩვენს რეგიონში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნებისა და განმტკიცების, ასევე, ქვეყნებს შორის დიალოგის გზით, დიპლომატიური კავშირების გაღრმავებისა და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ახალი პერსპექტივების დასახვის ჭრილში.

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მისასალმებელ სიტყვაში, ხაზი გაუსვა ფორუმის, როგორც რეგიონული და გლობალური თანამშრომლობის ქმედითი ინსტრუმენტის მნიშვნელობას, სადაც იდეები რეალურ პროექტებად გარდაიქმნება.

აღსანიშნავია, რომ დედაქალაქმა აბრეშუმის გზის ფორუმს წელს უკვე მეხუთედ უმასპინძლა. ფორუმის ფარგლებში, ჩატარდა შეხვედრები რეგიონული თანამშრომლობის, მდგრადი განვითარებისა და სავაჭრო ურთიერთობების სამომავლო პერსპექტივებთან დაკავშირებით.