გურთიადის ღონისძიება

 

2020 წლის 21 თებერვალს ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციამ სასტუმროში „მერკური თბილისის ძველი ქალაქი“ მიღება გამართა.

ღონისძიების მთავარი მიზანი საზოგადოებისთვის ასოციაციის მიერ დაგეგმილი სოციალური პროექტის „დარგე ერთი ხე საქართველოში“ გაცნობა იყო. პროექტის ფარგლებში თურქი ბიზნესმენების მიერ, კრწანისის ტერიტორიაზე, თბილისი – რუსთავის გზატკეცილის მიმდებარედ, 1 200 მ² ტერიტორიაზე ტყის გაშენება იგეგმება.

აღნიშნულ პროექტს გურთიადი სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და ველური ბუნების ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობის ფარგლებში ახორციელებს. უნდა აღინიშნოს რომ მხარეებს შორის მემორანდუმი მიმდინარე წლის 11 თებერვალს გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც ტერიტორიაზე 500-ზე მეტი სხვადასხვა სახეობის ხე დაირგვება. აღნიშნულ პროექტს განსაკუთრებულ ხიბლს მატებს ის ფაქტი, რომ ასოციაცია იღებს არა მხოლოდ ტყის გაშენების, არამედ 2 წლის განმავლობაში მისი მოვლის პასუხისმგებლობას.

ინიციატივას დადებითად შეხვდნენ ღონისძიებაზე დამსწრე თურქეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ქ-ნ ფატმა ჯერენ იაზგანი, თურქეთის საელჩოს სხვა წარმომადგენლები და ასევე თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს – TIKA-ს კოორდინატორი საქართველოში ქ-ნ ნეჯლე დემირდაღი, რომელთაც აღნიშნეს, რომ აუცილებლად მიიღებენ მონაწილეობას აღნიშნულ პროექტში.

ღონისძიებაზე ასევე გაიმართა ასოციაციის ახალი წევრი კომპანიების და მათი საქმიანობების წარდგენა. ღონისძიების ფარგლებში მათ ასევე გადაეცათ გურთიადის წევრობის დამადასტურებელი სერტიფიკატები.