ძვირფასო წევრებო
პირველ რიგში ჯანმრთელობა მინდა გისურვოთ თითოეულ თქვენგანს, თქვენს ოჯახებს და ახლობლებს იმ რთულ პერიოდში, რომელსაც ახლა ყოველი ჩვენგანი გავდივართ. ჩვენს წევრებთან გამართული სატელეფონო საუბრების შედეგად ვხვდები, რომ წევრთა უმეტესობა საქართველოში იმყოფება. ამ პერიოდში თქვენი, როგორც თურქეთის მოქალაქეების აქ ყოფნა კიდევ ერთხელ ადასტურებს თქვენს ნდობას საქართველოს მიმართ. ამ პერიოდში, როდესაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეჩერდა ბიზნეს აქტივობები, პირველ რიგში ისევ ჯანმრთელობა და შემდეგ მინიმალური დანაკარგები მინდა გისურვოთ თქვენს საქმიანობაში.
მინდა აღვნიშნო, რომ მმართველი საბჭოს წევრებიც, რომელნიც თითქმის ყველა თქვენგანის ახლო მეგობრები არიან, ასევე თბილისში იმყოფებიან ამ რთულ პერიოდში. გასულ კვირას გამართულ მმართველი საბჭოს სხდომაზე, ჩვენ სიტუაციის ანალიზი გავაკეთეთ. ჩვენ კიდევ ერთხელ აღვნიშნეთ, რომ ნომერ პირველი, რაც ამ პერიოდში უნდა გაკეთდეს არის ის რომ შეძლებისდაგვარად სახლში დარჩენის გზით, გავუფრთხილდეთ საკუთარ და გარშემომყოფთა ჯანმრთელობას. მმართველი საბჭოს სხდომაზე ბიზნეს საქმიანობებთან დაკავშირებით ასევე გავაკეთეთ შეფასება, თუ რა ტიპის თანამშრომლობა და ურთიერთ დახმარება შეგვიძლია განვიხილოთ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან, მოკლე და საშუალო ვადიან პერიოდში.
ჩვენ თითქმის დავასრულეთ თებერვლის ბოლოს წამოწყებული პროექტი, სახელწოდებით დარგე ერთი ხე საქართველოში. ხეების უმეტესი ნაწილი უკვე დარგულია, თუმცაღა მოგვიწია გახსნის ცერემონიის გადადება.
თქვენი დახმარებით, წინარე პერიოდში შეგროვებულ და საქველმოქმედო მიზნებისთვის გამოყოფილ თანხას სწორედ ამ რთულ პერიოდში, გაჭირვებული ოჯახებისთვის საკვებისა და პირველადი საჭიროების ნივთების გადასაცემად გამოვიყენებთ. სურსათ სანოვაგის განაწილება თბილისის მერიაში ხუთშაბათს, მუსიადთან და თურქეთის რესპუბლიკის საელჩოსთან ერთად კოორდინირებულ აქტივობაზე მოხდება.
მივმართავ საქართველოში დარჩენილ ჩვენს მეგობრებს. როგორც თქვენთვისვეა ცნობილი, საქართველოს მთავრობა, მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციასთან კოორდინირებულად და საკმაოდ წარმატებით მართავს აღნიშნულ კრიზისულ პერიოდს, რაც მოქალაქეების დასაცავად დაწესებული შეზღუდვებით, ასევე დაავადებულთა და მათი კონტაქტების ეფექტური გამოვლენის გზით გამოიხატება. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და უსაზღვრო მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ მინისტრ ბ-ნ გიორგი გახარიას და მის გუნდს.
ასევე უსაზღვრო მადლობა მინდა გადავუხადო ვირუსის წინააღმდეგ დაუღალავად მებრძოლ, დღეების მანძილზე სახლებში, ოჯახებში წაუსვლელ, ამ პერიოდამდე ლეტალური შემთხვევის არ მქონე და ვირუსის გავრცელების მინიმუმამდე დამყვან დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურ დირექტორ ბ-ნ ამირან გამყრელიძეს, მის მოადგილე ბ-ნ პაატა იმნაძეს, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორ ბ-ნ თენგიზ ცერცვაძეს და მთელ მათ გუნდს.
ჩვენი ასოციაციის სახელით ასევე დიდ მადლობას ვუხდი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში ქ-ნ ფატმა ჯერენ იაზგანს, რომელიც როგორც ადრე, ახლაც ისე ძლიერ გამოხატავს თანადგომას საქართველოს მიმართ, 24 საათის განმავლობაში უკავშირდება რა თურქეთის რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლებს, დღე-ღამის ნებისმიერ დროს გვიკავშირდება თითოეულ ჩვენგანს და ჩვენთან ერთად აფასებს შექმნილ კრიზისულ მდგომარეობას, რომლისთვისაც ძვირფასია თითოეული მოქალაქის სიცოცხლე, პირადად ინტერესდება ჩვენი პრობლემებით, გვიცხადებს რა თანადგომას და გვმატებს მხნეობას ამ რთულ პერიოდში.
მჯერა, რომ საქართველო მინიმალური დანაკარგით გადალახავს ამ კრიზისულ პერიოდს.
შეინარჩუნეთ მხნეობა და შესაძლებლობიდან გამომდინარე დარჩით სახლში.
ნათელი დღეების და ახლო მომავალში შეხვედრის იმედით.
ოსმან თურან