GÜRTİAD-ის წევრ კომპანიებში ტრადიციული ვიზიტების ფარგლებში, ასოციაციის მმართველი საბჭო კომპანია ,,Sera Ltd“-ს ესტუმრა.
შეხვედრისას, აღმასრულებელმა დირექტორმა, სალიჰ ჯემ სეზგინსოიმ, წარმოადგინა კომპანიის განვითარების ხედვა და აღნიშნა, რომ მაღალი ხარისხის ნიშნულისა და სანდოობის შენარჩუნება მათი საქმიანობის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს.
აღსანიშნავია, რომ 2008 წელს, საქართველოში დაფუძნებული ,,Sera Ltd“ წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან კომპანიას შოკოლადის, საკონდიტრო ნაწარმის, საკონდიტრო დანიშნულების აღჭურვილობისა და შესაბამისი ნედლეულის დისტრიბუციის მიმართულებით. კომპანიის პარტნიორულ სტრუქტურაში მნიშვნელოვან წილს თურქული კაპიტალი იკავებს.
,,Sera Ltd“ საქართველოში 17 სხვადასხვა მწარმოებლის ოფიციალური დისტრიბუტორია, მათ შორისაა, თურქეთის ისეთი წამყვანი კომპანიები, როგორიცაა Elit, Cargill, Turyağ, Altınmarka და Gusto.
,,Sera Ltd“ თბილისსა და ქუთაისში ფლობს 1 500 მ²-ზე მეტი ფართობის მქონე სასაწყობე ინფრასტრუქტურას, სადაც პროდუქცია შესაბამის პირობებში – კონტროლირებად ტემპერატურაზე ინახება. ამასთან, კომპანია, თავადვე უზრუნველყოფს პროდუქციის უწყვეტ რეჟიმში ტრანსპორტირებას.
GÜRTİAD-ის სახელით, გამოვხატავთ მადლიერებას, ,,Sera Ltd“-ს გუნდისადმი, გულთბილი მასპინძლობისა და საინტერესო დიალოგისთვის და ვუსურვებთ კომპანიას წარმატებებსა და შემდგომ განვითარებას.

