31 მაისს ვესტუმრეთ ასოციაციის პატივსაცემ წევრებს, ბატონ აჰმეთ ქაჰრამანსა და მის ვაჟს, ქემალ ქაჰრამანს.
2008 წლიდან კახეთში დარგულმა 2,5 მილიონმა ზეთისხილის ხემ ხრიოკი ადგილი წალკოტად აქცია… წლების შემდეგ საქართველოში ზეთისხილის კულტურა დაბრუნდა… ქვეყნის მასშტაბით დარგულმა ზეთისხილის ნერგებმა კი 3 მილიონი შეადგინა.
ზეთისხილის ხე გამოირჩევა სიცოცხლის ხანგრძლივობით და რამოდენიმე საუკუნე ცოცხლობს. ხეს მნიშვნელოვანი სიმბოლური დატვირთვა აქვს ქრისტიანულ კულტურაში, რის გამოც საქართველოს საპატრიარქო განსაკუთრებულ მხარდაჭერას იჩენს ქვეყანაში ზეთისხილის კულტურის განმავითარებელი პირების მიმართ. საპატრიარქოს ბაღში დარგულია „აგრონეტის“ ზეთისხილის ნერგები, აგრეთვე ალავერდის მონასტრისა და სხვა ეკლესიების ეზოებშიც.
სანერგედან ზეთისხილის შესყიდვის შემთხვევაში 4 წლის მანძილზე უზრუნველყოფილია ტექნიკური დახმარება.
2009 წელს დაარსებული კომპანია „Geolive“ 9 სახეობის ზეთისხილისაგან საკუთარ ქარხანაში აწარმოებს ზეითუნის ზეთსა და დამარინადებულ ზეთისხილს. წელს კომპანია სექტემბრის ბოლოს 1,200 ტონა მოსავლის აღებას ვარაუდობს. მოსავლის საშუალო წლიური ზრდა 30%-ს შეადგენს.
კომპანია მიმდინარე წელს ახალი ქარხნის გახსნას გეგმავს. დასაქმებულთა რაოდენობა შეადგენს 40 მუდმივ თანამშრომელს, სეზონურად კი მათი რაოდენობა 1,500-მდეც იზრდება.
ამჟამად „Geolive“-ის ზეითუნის ზეთი მხოლოდ საქართველოს ბაზარზეა ხელმისაწვდომი. შეხვედრაზე ასევე განვიხილეთ ზეითუნის ზეთის ექსპორტის შესაძლებლობები.
მადლობას ვუხდით ბატონ აჰმეთ და ქემალ ქაჰრამანებს იმ საამაყო საქმისათვის, რასაც ემსახურებიან და ვუსურვებთ უამრავ წარმატებას.