ვიზიტი კომპანია Wasteless-ში

გურთიადის მმართველი საბჭო სპეციფიკური ნარჩენების მართვის (საქართველოს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ასოციაცია) მიმართულებით მოქმედ წევრ ასოციაცია Wasteless-ს ეწვია.
 შეხვედრის ფარგლებში, ვეისთლესის თავმჯდომარემ, გიორგი გულიაშვილმა, სტუმრებს ასოციაციის საქმიანობა, მიღწეული შედეგები, მიმდინარე პროექტები და სამომავლო გეგმები გააცნო. მხარეებმა, ასევე, იმსჯელეს გარემოსდაცვითი მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებასა და ერთობლივი ღონისძიებების განხორციელების შესაძლებლობებზე.
 გიორგი გულიაშვილის განცხადებით, Wasteless ეხმარება კომპანიებს ბიზნესპროცესების უფრო სუფთა, მდგრად და ნარჩენების წარმოქმნის მინიმუმამდე დაყვანილ მოდელზე გადასვლაში; ამასთანავე, ხელს უწყობს საქართველოში ნარჩენების მართვის საკითხებზე ცნობიერების ამაღლებას.
Wasteless-მა, 2022 წელს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან მოიპოვა ავტორიზაცია ოთხი კატეგორიის სპეციფიკური ნარჩენების მართვის მიმართულებით:
* ნარჩენი ზეთები
* გამოყენებული საბურავები
* ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობები
* ბატარეები და აკუმულატორები
 Wasteless, რომელიც აერთიანებს 17 000-ზე მეტ იმპორტიორ წევრს, უზრუნველყოფს შესაბამისი ნარჩენების შეგროვებასა და გარემოსდაცვითი კანონმდებლობის შესაბამისად მართვას. შეგროვებული ნარჩენები ანალიზისა და დამუშავების მიზნით გადაეცემა ადგილობრივ კონტრაქტორებს, ხოლო ის მასალები, რომელთა გადამუშავებაც საქართველოში შეუძლებელია, იგზავნება საზღვარგარეთ და იმართება გარემოსდაცვითი სტანდარტების შესაბამისად.
ამ კომპლექსური სისტემის მეშვეობით, Wasteless ხელს უწყობს საქართველოში ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების დანერგვას და მწარმოებლების, იმპორტიორებისა და მომხმარებლების მხრიდან, ნარჩენების მართვის პროცესში, მაღალ პასუხისმგებლობასა და ცნობიერებაზე დაფუძნებულ აქტიურ ჩართულობას.
 Wasteless-ის მიზანია ხელი შეუწყოს ისეთი მდგრადი საზოგადოების ჩამოყალიბებას, სადაც ნარჩენების მინიმუმამდე შემცირება და რესურსების ეფექტიანი გამოყენება საზოგადოების ყველა წევრისთვის პრიორიტეტული იქნება.
 გურთიადის სახელით, მადლობას ვუხდით გიორგი გულიაშვილსა და Wasteless-ის გუნდს, გარემოს დაცვის მიმართულებით განხორციელებული მნიშვნელოვანი საქმიანობისთვის და ვუსურვებთ წარმატებებს სამომავლო აქტივობებში.