ვიზიტი Borusan CAT-ში

13 თებერვალს ასოციაციის თავმჯდომარე და მმართველი საბჭოს წევრები შეხვდნენ Borusan CAT-ის ახლად დანიშნულ დირექტორს საქართველოში, ბატონ ზაფერ აქსაქალს და გაყიდვების მენეჯერს, ბატონ მირზა მარტიაშვილს. ბორუსან ჰოლდინგი 26 წელია, რაც საქართველოს ბაზარზე ოპერირებს და აერთიანებს 5 დიდ კომპანიას დისტრიბუციის, ენერგეტიკისა და ლოჯისტიკის სექტორებში. ამასთან ერთად, Caterpillar-ის ექსკლუზიური დისტრიბუტორია 5 ქვეყანაში.
კომპანიის საქმიანობის სფეროში შედის მძიმე ტექნიკისა და 9 კილოვოლტ-ამპერიდან 3500 კილოვოლტ-ამპერამდე სიძლიერის გენერატორების რეალიზაცია და შესაბამისი სერვისის მიწოდება, ასევე მზის ენერგიის სისტემების მონტაჟი და ნარჩენებისაგან მეთანის აირისa და ენერგიის მიღება. მზის ენერგიის სისტემების დამონტაჟება შეიძლება მინიმუმ 50 კილოვატიდან. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში სოფლის მეურნეობისა და მრეწველობის დარგში მზის პანელების გამოყენებას ხელი ეწყობა, საზოგადოებაში ჯერ კიდევ არ არის საკმარისი ცნობადობა ამის შესახებ, მზის პანელების პოტენციალი კი საკმაოდ დიდია. ბატონი ზაფერ აქსაქალი ატარებს შეხვედრებს ქვეყნის მოწინავე ბანკებთან და სალიზინგო კომპანიებთან ამ საკითხთან დაკავშირებით.
მზის პანელების გარანტია 12 წელია, ხოლო სისტემა გათვლილია 25 წლიან მუშაობაზე. სისტემა საქართველოს პირობებში თვითღირებულებას 5 წელში ფარავს და კაპიტალდაბანდების ანაზღაურების საკმაოდ ხელსაყრელ კოეფიციენტს გვაძლევს.
ბატონმა ზაფერ აქსაქალმა აღნიშნა, რომ მზადაა, აქტიურად ჩაერთოს გურთიადის აქტივობებში.
ასოციაციის სახელით მადლობას ვუხდით Borusan CAT საქართველოს დირექტორსა და გაყიდვების მენეჯერს, მმართველი საბჭოს წევრებთან გულთბილი და კეთილმეგობრული შეხვედრის ჩატარებისათვის და წარმატებებს ვუსურვებთ მათ.