ვიზიტი BTA Georgia-ში

ასოციაციის თავმჯდომარე და მმართველი საბჭო 13 თებერვალს TAV Georgia-ს შვილობილ კომპანია BTA Georgia-ს მენეჯერს, ბატონ იავუზ აფშარს ესტუმრნენ. BTA Georgia კვების სერვისს უზრუნველყოფს.
BTA დაარსდა 1999 წელს და ოპერირებს 8 ქვეყანაში, 17 აეროპორტში (მათ შორის თბილისსა და ბათუმში). საქართველოში კი 211 ადამიანს ასაქმებს.
BTA Georgia, TAV Georgia-ს ჯგუფში მომუშავე პერსონალის კვებას უზრუნველყოფს და თბილისში ქსელურ კვების ობიექტებს უწევს სერვისს.
თანამდებობაზე ახლად დანიშნულ ბატონ იავუზ აფშარს მივაწოდეთ ინფორმაცია ასოციაციის საქმიანობის, მისიისა და ხედვის შესახებ. ასევე განვიხილეთ ბროშურა სახელმწიფო პროგრამების შესახებ, რომელიც უახლოეს მომავალში გურთიადის სახელით დაიბეჭდება.
ბატონმა აფშარმა ყურადღება გაამახვილა შრომის ბაზარზე არსებულ პრობლემებზე; განმარტა, რომ კომპანია, რომელსაც ის წარმოადგენს, სირთულეებს აწყდება მომსახურე პერსონალის მოძიებაში. ამასთან დაკავშირებით კი აღნიშნა, რომ დასაქმების პლატფორმა, რაზეც გურთიადი მუშაობს, იქნება ძალიან სასარგებლო და ეს პროექტი BTA Georgia-სთვისაც იქნება აქტუალური და გამოსადეგი.
ასოციაციის სახელით, ბატონ იავუზ აფშარს მადლობას ვუხდით და წარმატებებს ვუსურვებთ ახალ პოზიციაზე.