ვიზიტი ,,Turkish Airlines“-ის ხელმძღვანელობასთან

სიხარულით გაცნობებთ, რომ საქართველოში თურქ ბიზნესმენთა ასოციაციას შემოუერთდა ახალი წევრი – მსოფლიო საავიაციო ინდუსტრიის ერთ-ერთი მოწინავე და პრესტიჟული კომპანია ,,Turkish Airlines“.
აღნიშნული გადაწყვეტილება, მიღებულ იქნა გურთიადის თავმჯდომარისა და მმართველი საბჭოს წევრების მიერ, თურქეთის ავიახაზების თბილისის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან გამართული შეხვედრის ფარგლებში.
1933 წელს, „სახელმწიფო ავიახაზების“ სახელით, ხუთი თვითმფრინავისაგან შემდგარი მცირე ფლოტით დაწყებულ განვითარების ისტორიას, თურქეთის ავიახაზები, უკვე 90 წელზე მეტია უწყვეტად განაგრძობს და ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უჭირავს მსოფლიო მასშტაბით წარმატებულ კომპანიებს შორის. ყოველივე ზემოაღნიშნული კი, კომპანიის მიერ გატარებული მდგრადი განვითარების სწორი სტრატეგიის, ეფექტური კორპორაციული მმართველობისა და მომსახურების მაღალი სტანდარტების დამსახურებაა.
ურქეთის ავიახაზები, რომელიც, ამავდროულად, ,,Star Alliance”-ის წევრია, გინესის მონაცემების თანახმად, რაოდენობრივად ყველაზე მეტ ქვეყანაში ოპერირებადი ავიაკომპანიაა. 2025 წელს, კომპანია ,,Skytrax”-ის მიერ დაჯილდოვდა ისეთ მნიშვნელოვან ნომინაციებში, როგორიცაა: „ევროპის საუკეთესო ავიაკომპანია“, „მსოფლიოს საუკეთესო კვება ბიზნეს კლასში“, „ევროპის საუკეთესო ბიზნეს კლასი“ და „ევროპის საუკეთესო ეკონომ კლასი“. ასევე, APEX 2025-ის ფარგლებში, კომპანიამ გაიმარჯვა „ევროპის საუკეთესო ბორტგართობის სისტემა“ და „ევროპის საუკეთესო Wi-Fi მომსახურება“ კატეგორიებში.
 თურქეთის ავიახაზები, როგორც ერთ-ერთი ძლიერი და გლობალური ბრენდი, ყოველწლიურად მილიონობით მგზავრს ემსახურება და იგი, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნებს შორის ეკონომიკური, სავაჭრო და კულტურული კავშირების გაღრმავებაში.
 დარწმუნებულნი ვართ, რომ თურქეთის ავიახაზების მდიდარი გამოცდილება, თანამედროვე ხედვა და საერთაშორისო კავშირები სასიკეთოდ წაადგება საქართველოსა და თურქეთს შორის სავაჭრო ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარების საქმეს. ამასთან, გვჯერა, რომ ჩვენი ასოციაციის წევრობა, ორი ქვეყნის ურთიერთთანამშრომლობის გაფართოებისა და ახალი შესაძლებლობების განვითარებისთვის დამატებითი სტიმული იქნება.
 ვსარგებლობთ შემთხვევით, გულთბილი მასპინძლობისა და ურყევი მხარდაჭერისთვის განსაკუთრებულ მადლიერებას გამოვხატავთ თურქეთის ავიახაზების თბილისის ოფისის ხელმძღვანელის, ქენან ინჯეს მიმართ, აგრეთვე, წარმომადგენლობის მთელი გუნდისადმი და გამოვთქვამთ წარმატებული, ნაყოფიერი და გრძელვადიანი თანამშრომლობის იმედს.